საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ ღია წერილს ეხმიანება და წერს, რომ ბესელიას „საგა“ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული მორიგი სპექტაკლი იყოს.
ამასთან, სალომე სამადაშვილი გმობს პირადი ცხოვრების ჩანაწერების დამზადებასა და გავრცელებას და მიიჩნევს, რომ ამის „გამკეთებლები“ მორალურ ფსკერზე დასული სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან.
„პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერების გამკეთებლები მორალურ ფსკერზე დასული სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ეს ამბავი რომ არ გამოუძიებიათ და დაუსჯიათ სათანადოდ, ამის შედეგია ისიც, რომ ჩანაწერების გავრცელება გახდა შესაძლებელი. ბესელიას “საგას” კი, ბიძინას დადგმული მორიგი სპექტაკლის სუნი ასდის, მის პოლიტიკურ დღის წესრიგს მორგებულის. ისე, მსხვერპლის მიმართ სოლიდარობის დაფიქსირება ყოველთვის სწორია, ქალი იქნება თუ კაცი, ოპონენტი თუ ყოფილი თანამოაზრე, და სანამ პირადად შენ შეგეხება, მანამდე აჯობებდა”, - წერს სამადაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, 28 იანვარს, გავრცელდა ინფორმაცია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სავარაუდო გავრცელების შესახებ.