საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი euradio.fr-სთან ინტერვიუში ბრექსიტის ფონზე საქართველოს შანსებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველო აკვირდება თუ რა შეიძლება მიიღოს „ბანქოს ამ გადანაწილების“ შედეგად.
„ჩვენ ბანქოს საწყის დასტაში ვართ და ვაკვირდებით, თუ რა შეიძლება მივიღოთ ბანქოს ამ გადანაწილების შედეგად. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, როგორიცაა, მაგალითად, გაღრმავება, რაც გაფართოებას ნაკლებ პრობლემატურს გახდიდა ზოგიერთი ქვეყნისთვის სხვადასხვა ზომის დაჯგუფებების ფარგლებში“- განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ თავად ბრექსიტმა შეიძლება ახალი შესაძლებლობები წარმოქმნას იმ ზომით, რამდენადაც შემუშავებული იქნება განსაკუთრებული ფორმატები, ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც საქართველო შეძლებს.
„ჩვენ გვინდა ვისარგებლოთ ასევე მაისში ევროპარლამენტის არჩევნების პერიოდითა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავით და გავმართოთ ბათუმში კონფერენცია, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც მოვიწვევთ წევრ და ასოცირებულ სახელმწიფოებს.
სწორედ ასოცირებულმა ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები, ვინაიდან ამ დროისთვის ევროკავშირს ჯერ ნაფიქრიც კი არ ექნება მომავალზე და ახალი იდეების შემუშავებაზე. ჩვენ ვისარგებლებთ ამ ფორმატით იმისათვის, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი იდეები, თხოვნები, წინადადებები და ხაზი გავუსვათ ჩვენს იმ უპირატესობას, რომ მტკიცედ ვგრძნობთ თავს ევროპელებად. ქვეყანამ ეს – ესაა აირჩია ევროპელი პრეზიდენტი, საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70% კვლავ ევროპულ ორიენტაციას უჭერს მხარს, რაც სხვაგან არცთუ ისე ხშირად გვხვდება. ჩვენ ეს მისწრაფება ახალ კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ, რომელიც ძალაში დეკემბრის თვეში შევიდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.