ჩვენი მიზანია, რომ 2019 წელს ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე გააჩნია ვალდებულება, დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ბინით - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლევან იზორიას თქმით, სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური და სახელფასო პირობების გაუმჯობესება.
„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულებას ვიწყებთ სწორედ 2019 წელს, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ვის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე გააჩნია ვალდებულება, რომ დააკმაყოფილოს ბინით. ამ ვალდებულებას შევასრულებთ და წელს ვიწყებთ იმით, რომ როგორც გორში ისე თბილისში, მიიღებს სამხედრო მოსამსახურეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა ბინებს და 2020 წელს ჩვენ ამ ვალდებულებას დავასრულებთ, გვაქვს რა ფინანსური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ვისაც კონტრაქტით ეკუთვნის ბინა, დავაკმაყოფილოთ და გავცეთ ბინები", - განაცხადა იზორიამ ბრიფინგზე.
თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ წელს იგეგმება სამხედრო მოსამსახურეთა ნაწილისთვის ხელფასების ზრდა 100-დან 500 ლარამდე, წოდებების მიხედვით.