ავსტრალია ხუან გაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს არჩევნების ჩატარებამდე. შესაბამის განცხადებას ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ავსტრალია აღიარებს და მხარს უჭერს ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს და ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს, ვენესუელის კონსტიტუციის შესაბამისად და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე. ავსტრალია მოუწოდებს ვენესუელას უახლოეს მომავალში განახორციელოს დემოკრატიული ტრანზიცია“, - ნათქვამია ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 23 იანვარს კარაკასში ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და მოუწოდეს ნიკოლას მადუროს, ხელი არ აღემართა ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ ნიკოლას მადურომ უზენაეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავისი ლეგიტიმურობა და გუაიდოს "აშშ-ის მარიონეტი" უწოდა.
ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირში. ამასთან საფრანგეთმა ხუან გაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარების პირობა დაასახელა
ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.