იუსტიციის უმაღლესის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ სანამ ფორმატი არ შეიცვლება, ისინი შეხვედრებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.
ანა დოლიძის განცხადებით, შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, შედეგის მომტანი ვერ იქნება. ის მიიჩნევს, რომ ფორმატი მთლიანად არალეგიტიმურია.
„როდესაც შემუშავდება პროცედურა, რომ დაცული იქნება ჩვენი ხმა, საშუალება გვექნება რომ ჩვენი აზრი გამოვთქვათ და ეს მოსაზრება გათვალისწინებული იქნება და გახდება ცნობილი საზოგადოებისა და პარლამენტისათვის, მაშინ ვიქნები მზად, რომ მე ამ ჯგუფში მივიღო მონაწილეობა. მანამდე ეს არის ჩვენი დროის და აქ დამსწრე ადამიანების დროის ტყუილი ფლანგვა და ამ პროცესისთვის დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების მცდელობა,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია სამუშაო ჯგუფში მყოფ ადამიანებთან ერთად იმსჯელოს კრიტერიუმებსა და პროცედურებზე
„მოიყვანეს ის ადამიანები, ვინც იყვნენ უშუალოდ სიაში, მათ შორის იყვნენ მოსამართლე ქადაგიძე, ცისკაძე, მოსამართლე ალანია და სხვები. ჩემთვის მიუღებელია, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დათანხმდნენ სიაში ამ ფორმით ყოფნას და ამ ფორმით წარდგენას, შემდეგ უკვე პარლამენტში, მათთან ერთად ვისმჯელო კრიტერიუმებსა და პროცედურებზე. ჩემთვის ცალსახაა, რომ მათ აქვთ პირადი დაინტერესება, რომ ისევ მოხვდნენ სიაში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.