მოსამართლეთა კორპუსი ცდილობს, რომ შემოვიდეს პოლიტიკურ პროცესში, - განაცხადა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე.
„იუსტიციის საბჭომ ეს ნაბიჯები გადადგა, რაც არასწორი იყო. თავისთავად მოსამართლეთა კორპუსი თუ ცალკე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას გადაწყვეტს არა მგონია ეს ნორმალური იყოს ქვეყნისთვის. მე მგონია, რომ იუსტიციის საბჭო, ფაქტობრივად ზღვარზე დგას იმასთან მიმართებაში, რომ თავისი ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ამაზე უნდა იფიქრონ”, - განაცხადა ფოფხაძემ.
დღეს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის წევრები, ასევე მოსამართლეები ესწრებიან. შეხვედრა სამოქალაქო სექტორის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფს უნდობლობას უცხადებენ და პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ. აქციის მონაწილეები იმ შენობაში შესვლას ცდილობენ, სადაც შეხვედრა მიმდინარეობს, თუმცა მათ დაცვამ ამის საშუალება არ მისცა.