მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მიმდინარე სამუშაო შეხვედრა, სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასტუმტო "რადიონსში" მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფს უნდობლობას უცხადებენ და პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. მათი თქმით, ჯგუფში შედიან იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებიც მხარი დაუჭირეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ 10-კაციან სიას.
“მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ საბჭოს იმ წევრებმა, ვინც გასული წლის დეკემბერში მხარი დაუჭირეს სრულიად გაუმართლებელი ფორმით სიის ნომინირებას საქართველოს პარლამენტში, მათ უნდა დატოვონ თანამდებობა. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. არა მარტო თანამდებობები იუსტიციის საბჭოში, მათმა ბევრმა ნაწილმა საერთოდ უნდა დატოვოს სასამართლო სისტემა, ვინაიდან წლების განმავლობაში ისინი იყვნენ შემოქმედები უკანონობის წლების განმავლობაში,“ - განაცხადა "საიას" თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
საპროტესტო აქციის მონაწილეების შეფასებით, სასამართლო, ფაქტობრივად, ოკუპირებულია იმ ჯგუფის მიერ , რომლებიც მხილებულები არიან დანაშაულებში და ამ ქვეყნის სირცხვილს წარმოადგენენ.
„მათი დღევანდელი შეხვედრა არის არალეგიტიმური და ის ვერ ჰპოვებს აღიარებას საზოგადოების მხრიდან. ეს არის მთავარი გზავნილი ამ პროტესტის,“ - განაცხადა სმოქალაქო აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა.