ოფიციალური თბილისი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის იარაღის მოწოდების გაგრძელების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, გრიგორი კარასინის გუშინდელ განცხადებას "დეზინფორმაციას" უწოდებს.
"იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის გასაგებია, თუ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის ამგვარ დეზინფორმაციულ და აგრესიულ რიტორიკას. ამ ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობას არანაირი ეჭვი აღარ უნდა რჩებოდეს იმის თაობაზე, თუ საიდან მოდის რეალური საფრთხე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონალური და ევროპული უსაფრთხოებისათვის", - ნათქვამია ვაშაძის უწყების განცხადებაში.
ამასთან, მასში ასევე აღნიშნულია, რომ "სხვა ქვეყნების ურთიერთობების კომენტირების ნაცვლად უპრიანი იქნებოდა რუსეთმა საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე იზრუნოს, უარი თქვას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სამხედრო პოტენციალის უკონტროლო გაზრდაზე, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიან შეთანხმებას და ამ შეთანხმების მოთხოვნის შესაბამისად გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან".
"საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კარგადაა ცნობილი თუ კონკრეტულად რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთის მხარე, რომელმაც თავისი საგარეო პოლიტიკის მთავარ იარაღად სამხედრო აგრესია და ინტერვენცია, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მარიონეტული რეჟიმების შექმნა აქცია", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გუშინ კიდევ ერთხელ განცხადება, რომ "აშშ აგრძელებს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას, რაც რუსეთს აიძულებს მიიღოს შესაბიმისი ზომები".