ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ბოლო სხდომას მართავს.
მისი განცხადებით, სხდომის შემდეგ იმართება ბიურო და ბიუროს უკვე გაეგზავნება მისი განცხადება პოსტის დატოვების შესახებ. ბესელიას თქმით, მისი პასუხისმგებლობაა, რომ კომიტეტი ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის გარეშე არ დატოვოს.
„ამ თანამდებობაზე ეს ჩემი ბოლო სხდომა გახლავთ, სხდომის შემდეგ იმართება ბიურო და ბიუროს უკვე გაეგზავნება ჩემი განცხადება პროცედურის შესაბამისად. ბიურო ამას იღებს ცნობად, ხოლო შემდეგ გაიგზავნება სესიაზე. ბიურომდე ეს არის ბოლო სხდომა, რომელზეც ბოლო პროცედურა უნდა გავიაროთ. ეს არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის საკითხი. ამ დროისთვის იურიდიულ კომიტეტს არ ჰყავს პირველი მოადგილე. ამ სხდომის შემდეგ ჩემი განცხადების გაგზავნისთანავე ითვლება, რომ იურიდიულ კომიტეტს არ ეყოლება თავმჯდომარე იქამდე, ვიდრე სესია ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს. იმის გამო, რომ იურიდიული კომიტეტი არ დარჩეს ამ ორი პასუხისმგებელი პირის გარეშე, მე ვფიქრობ, ასევე პასუხისმგებლობის საკითხია, რომ კომიტეტი ამ პროცესში არ დარჩეს ერთ-ერთი იმ პირის გარeშე, რომელმაც თავმჯდომარის მოვალეობა არ შეასრულოს. კომიტეტს ჰყავს ორი მოადგილე, დავით მათიკაშვილი და გელა მიქაძე, თუმცა მაგალითად მივლინების შემთხვევაში არის საფრთხე, რომ კომიტეტი კვლავ დარჩეს პასუხისმგებელი პირის გარეშე, ამასთან იურიდიულ კომიტეტს მიყავს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პროცესი და რამდენიმე საკითხი არის სწრაფი ინიცირების პროცესში. ვფიქრობ, ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ისე დავტოვო ეს თანამდებობა, რომ მინიმალური საფრთხეც კი არ იყოს რაიმე ტიპის შეფერხების. ამ გარემოებების გამო მივიღე გადაწყვეტილება, რაც უკვე დავაყენე პირველი მოადგილის პოზიციაზე გედევან ფოფხაძის კანდიდატურა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.