ეკა ბესელია არის კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობისა და ყაჩაღობის ეკვივალენტი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ეკა ბესელია იმდენად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა, მისივე გუნდის წევრებსაც კი რცხვენიათ მისი.
სამადაშვილის განცხადებით, ბესელიამ ზოგიერთი კანონი მასზე უკეთ იცის, მაგალითად ის, თუ როგორ შეუცვალოს საკუთარ დედას გვარი, რათა მოპარული ქონება გადამალოს.
"ქალბატონი ბესელია იმდენად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში, საკუთარ თანაგუნდელებს ეუხერხულებათ, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ფაქტიურად, ვიცით, რომ მიმდინარეობს მცდელობა, ის ამ პოსტიდან გადააყენონ იმიტომ, რომ ეკა ბესელია არის კორუფციის, არაკომპეტენტურობის, უვიცობის, თავხედობისა და ყაჩაღობის ეკვივალენტი.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი კანონი უკეთესად იცის მან, ვიდრე მე, მაგალითად როგორ გამოუცვალო საკუთარ დედას გვარი რომ ნაყაჩაღარი ქონება გადამალო, მან ეს კარგად მოიფიქრა. ვფიქრობ, რომ ბესელია არის სირცხვილი ქართული პარლამენტარიზმის, სირცხვილია ქართველი ხალხის რომ ის პარლამენტის წევრია და მე არანაირი სურვილი არ მაქვს იმ კომიტეტში გავაგრძელო მუშაობა, რომელსაც ბესელია ხელმძღვანელობს", - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი, ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი იყო, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი - უსაქმური და კანონების არმცოდნე.
შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს. როგორც სამადაშვილმა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, მას მწვავე საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა არ ეძლევა.