ტერეზა მეის საკმარისი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ დღევანდელ უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრაზე, კონსერვატორების მხარდაჭერა მოიპოვოს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
171-მა კონსერვატორმა პარლამენტარმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ტერეზა მეის, როგორც პარტიის ლიდერს, მაგრამ რადგან კენჭისყრა ფარულია, მათ შეუძლიათ დახურულ კარს მიღმა განსხვავებული არჩევანი დააფიქსირონ.
კონსერვატიულ პარტიას პარლამენტში 317 მანდატი აქვს, შესაბამისად, ტერეზა მეის 159 პარლამენტარის მხარდაჭერა დასჭირდება უმრავლესობის მოსაპოვებლად.
დღეს, 12 დეკემბერს, კონსერვატიული პარტიის წევრები დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის უნდობლობის საკითხს უყრიან კენჭს.
კენჭისყრა თემთა პალატაში ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ თავისივე პარტიის წევრები ტერეზა მეის უნდობლობას გამოუცხადებენ, პარტიაში ახალი ლიდერის არჩევნები გაიმართება და ბრიტანეთის მთავრობას ახალი პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა Brexit-ის შეთანხმების შესახებ გადადო.
ევროკავშირის ლიდერებმა „ბრექსიტთან“ დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე უარი განაცხადეს
პრემიერ მინისტრმა კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის გააფრთხილეს, რომ იმყოფება „გამანადგურებელი დამარცხების“ გზაზე.
ევროკავშირთან Brexit-ის შესახებ შეთანხმებაზე კენჭისყრა 11 დეკემბერს იყო დაგეგმილი. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, არსებობს კიდევ სხვა ვარიანტი, რომლის მიხედვით დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს (no-deal), რაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ქვეყნისთვის ეკონომიკური კატასტროფა იქნება. დოკუმენტს, რომელსაც ტერეზა მეი საუკეთესო გარიგებას უწოდებს, აკრიტიკებენ, როგორც ოპოზიციონერები, ისე კონსერვატორები.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.