დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გამორიცხეს ყოველგვარი შესაძლებლობა „ბრექსიტის“ ხელახალი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკებებს არ განაახლებს და ისინი ემზადებიან ბრექსიტის შეთანხმების გარეშე დაწყებას.
„შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა მივაღწიეთ საუკეთესოა და ის ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების განახლებას არ ვაპირებთ. ეს ყველამ უნდა იცოდეს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.
გარდა ამისა, დღეს, ტერეზა მეი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ეწვია ბრექსიტთან დაკავშირებით ახალი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ ახალი მოლაპარაკებები არ დაიწყება და მტკიცედ სწამს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.
მერკელმა ასევე დასძინა, რომ ბრიტანელი კანონმდებლები ბრექსიტის ამჟამინდელ შეთანხმებას ქვეყნისთვის არახელსაყრელად მიიჩნევენ.
ბრექსიტის შეთანხმებაში მთავარი სადაო საკითხი, ირლანდიასა და გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოეთ ირლანდიას შორის არსებული საზღვარია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა Brexit-ის შეთანხმების შესახებ გადადო.
პრემიერ მინისტრმა კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის გააფრთხილეს, რომ იმყოფება „გამანადგურებელი დამარცხების“ გზაზე.
ევროკავშირთან Brexit-ის შესახებ შეთანხმებაზე კენჭისყრა 11 დეკემბერს იყო დაგეგმილი. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, არსებობს კიდევ სხვა ვარიანტი, რომლის მიხედვით დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს (no-deal), რაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ქვეყნისთვის ეკონომიკური კატასტროფა იქნება. დოკუმენტს, რომელსაც ტერეზა მეი საუკეთესო გარიგებას უწოდებს, აკრიტიკებენ, როგორც ოპოზიციონერები, ისე კონსერვატორები.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.