ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთს მთავრობასთან ხანგრძლივი უთანხმოების შემდეგ, ბუდაპეშტს ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით 3 დეკემბერს უნივერსიტეტის რექტორმა მაიკლ იგნატიეფმა განცხადება გაავრცელა.
„უპრეცედენტო ამბავი მოხდა, ამერიკული უნივერსიტეტი გააძევეს ქვეყნიდან, რომელიც ნატოს მოკავშირეა“, - ნათქვამია განცხადებაში.
2019 წლის სექტემბრიდან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ვენაში განახორციელებს პროგრამების სწავლებას. მოქმედი კორპუსი და სტუდენტები, რომლებიც ჯერ კიდევ ბუდაპეშტში სწავლობენ, შეძლებენ კურსის დასრულებას.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 1991 წელს ჯორჯ სოროსმა დაარსა.
უნივერსიტეტთან დაკავშირებით, პრობლემები გასულ წელს წარმოიშვა, როდესაც უნგრეთის მთავრობამ მიიღო კანონი უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ. უნივერსიტეტის შესაძლო დახურვას, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ბუდაპეშტში.