გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.
ისინი დღევანდელ აქციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ასევე, მათი თქმით, აქციის გამართვის ერთ-ერთი მიზეზი "ქართული ოცნებისთვის" ხმის გაგონებაა.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, მათი მოთხოვნაა, ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით ჩატარდეს და საარჩევნო კომისიები NGO-ების წარმომადგენლებითა და საზღვარგარეთიდან მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტდეს.
„ჩვენ ვნახეთ, ნამდვილი, რეალური სახე ქურდული ოცნების და მისი ალკაპონესი. აი, რა ვნახეთ ჩვენ 28 ოქტომბერს - დაშინება, მასშტაბური მუქარები, კრიმინალების და ნარკომანების მორეკვა, რომ უბნების წინ მდგარიყვნენ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, არჩევნების ფარულობის დარღვევა, მოქალაქეების პირადი მონაცემების უკანონო გამოყენება.
ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს და რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც იტყვიან, რომ პრეზიდენტის სასახლე არის, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს... გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით. მოვითხოვთ, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ. მოვითხოვთ, რომ ქურდული ოცნების მიერ გაგონებული იქნეს ხალხის ხმა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ აქციას უერთდება "ლეიბორისტული პარტია".
აქციას არ უერთდება "ევროპული საქართველო", რომელმაც არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა. დღევანდელ აქციას არ უერთდებიან არც "რესპუბლიკელები", რომლებიც ასევე მხარს უჭერდნენ გრიგოლ ვაშაძეს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, გაერთიანებული ოპოზიციის აქციას არ უერთდება არც "გირჩი" და არც დავით უსუფაშვილის "შენების მოძრაობა".
ცნობისთვის, აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 15:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციაც შეუერთდა.