აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას არ მოსწონს ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენები და იმედი აქვს, რომ ვითარება უახლოეს ხანებში დარეგულირდება. სიტუაციის დეესკალაციისთვის ის ევროპელ ლიდერებთან ერთად მუშაობს. განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული მედიასაშუალებები მიანიშნებენ ტრამპის დაგვიანებულ რეაქციაზე ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ტრამპი იყო ერთ-ერთი ბოლო, ვინც თავისი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოამჟღავნა, ისიც მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ჟურნალისტები დაინტერესდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტის განკარგულებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ უკრაინის რადამ, 276 ხმით, მხარი დაუჭირა.
25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.
რუსული მხარე, ტრადიციულად, უკრაინას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.