უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტის განკარგულებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ უკრაინის რადამ, 276 ხმით, მხარი დაუჭირა.
საომარი მდგომარეობა გავრცელდება ქვეყნის 10 რეგიონში და ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:
კომენდანტის საათი;
ქვეყანაში შესვლის განსაკუთრებული რეჟიმი, მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა;
მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციებისა და სხვა მასობრივი აქციების ჩატარების აკრძალვა;
მედიის მუშაობის რეგულირება;
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
"საომარი მდგომარეობა 30 დღის განმავლობაში , 2018 წლის 28 ნოემბრის 10:00 საათიდან, 2018 წლის 27 დეკემბრამდე გაგრძელდება", - აღნიშნულია განკარგულებაში.
25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.
გვიან ღამით, უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის წინადადებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.