"აზოვის ზღვაში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. უკრაინულ გემებზე შეჯახების შემდეგ, რუსებმა ცეცხლი გახსნეს. კრემლის არალეგალურ ქმედებებს ძლიერი საერთაშორისო პასუხი უნდა დავახვედროთ", - ასე ეხმიანება უკრაინაში, ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიკრობლოგ ტვიტერზე.
რასმუსენის განცხადებით, პუტინი მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს.
შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით, დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. რუსული მხარის მიერ დაკავებულ უკრაინულ ხომალდებზე 23 ადამიანი იმყოფებოდა. მათთან კონტაქტი ამ დრომდე ვერ ხერხდება. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი დაარღვიეს და მომხდარს კიევის მიერ განხორციელებულ პროვოკაციას უწოდებენ. გვიან ღამით, უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის წინადადებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.