უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომა უკრაინის დროით, 18:00 საათზე გაიმართება. ინფორმაციას გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი ნიკი ჰეილი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით, დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. რუსული მხარის მიერ დაკავებულ უკრაინულ ხომალდებზე 23 ადამიანი იმყოფებოდა. მათთან კონტაქტი ამ დრომდე ვერ ხერხდება. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი დაარღვიეს და მომხდარს კიევის მიერ განხორციელებულ პროვოკაციას უწოდებენ. გვიან ღამით, უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის წინადადებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.