უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკომ მხარი დაუჭირა უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს, მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ქერჩის სრუტესთან, უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა. რუსის სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი.
გვიან ღამით, უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის წინადადებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
საბოლოო გადაწყვეტილებას, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რადა, მიიღებს.
პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს, ომის გამოცხადებას და თავდასხმას, თუმცა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ეს ნაბიჯი აუცილებელია.
შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინულ გემებზე იერიში მიიტანეს. 25 ნოემბერს, დილით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სამმა უკრაინულმა ხომალდმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და ქერჩის სრუტისკენ მიემართება. უკრაინული მხარის მტკიცებით, ხომალდების მარშრუტის შესახებ რუსეთი ინფორმირებული იყო და გემები ოდესიდან მარიუპოლში მიემართებოდნენ.
მოგვიანებით რუსეთმა ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის ჩაკეტა.