უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრება დეკემბერში გაიმართება. კრების თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას კონსტანტინოპოლში გამართულ მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღებენ. აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აგრძლებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი და ადასტურებს გადაწყვეტილებას, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შესახებ.
უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელ კრებაზე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური უნდა აირჩიონ, რომელიც კონსტანტინოპოლისგან ავტოკეფალიის ტომოსს ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 2018 წლის 9 ოქტომბერს, კონსტანტინოპოლში გამართულ სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის გაგრძელების შესახებ. ასევე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა და მათი კანონიკური სტატუსი აღადგინა. გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით, მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას აძლევდა, გაუქმებულად გამოაცხადა.
ამის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად
გაწყვიტა.