ეს არ იყო არც კანონიერი გადაწყვეტილება და არც დასაბუთებული. სასამართლოს არ ჰქონდა არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ძმები კალანდიების მეორედ დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა, - ასე ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვნის, გ.ბ.-ს ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მიერ დაყენებული ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
როგორც ის განმარტავს, სასამართლოს არც ახალი მოწმის დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, რადგან მისი დაკითხვა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც შესაძლებელი იყო.
"ეს მოწმე პირველი ინსტანციის სასამართლოში ბევრჯერ არის ნახსენები. ბრალდების მხარემაც აღიარა, რომ ამ მოწმის არსებობის შესახებ მათთვის ცნობილი იყო, უბრალოდ, არ დაკითხეს. ახალი მტკიცებულულება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ამ მტკიცებულების მოპოვება გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში, ობიექტურად შეუძლებელი იყო.
აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოს ჩარჩოებს და ფარგლებს გასცდა", - განაცხადა ჩინჩალაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 30 მაისს, არასრულწლოვნები გ.ჯ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო. გ.ჯ. დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის, გ.ბ. კი, ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გ.ჯ.-ს ადვოკატი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას, გ.ბ.- ადვოკატი კი მის სრულად გამართლებას ითხოვს.
ბრალდების მხარე კი, ორივესთვის მკვლელობის ნაწილში გამტყუნებას ითხოვს.