ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებისა და მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განმარტებით, დღეს დაკითხულმა მოწმემ, ლუკა კალანდიამ ისაუბრა ფულის გადაცემაზე, თუმცა, დასძენს, რომ ეს ოჯახის დახმარების მიზნით იყო.
"ბრალდების მხარის მიერ დაიკითხა მოწმე, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია. მისი ჩვენებით დადასტურდა ერთის მხრივ, რომ გარკვეული სახის თანხა დახმარების მიზნით გადაცემული არის ოჯახზე. თუმცა, აქ მთავარია ის გარემოება, რომ ბრალდების მიერ გამოკითხული ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიერ დადასტურებულია, რომ ეს არ იყო ვინმეს მოსყიდვის ფაქტი. ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც ადამიანები, ნათესავები ერთმანეთს ეხმარებიან", - აცხადებს მოსიაშვილი.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.