შსს ამბობს, რომ რაღაც საიდუმლო მასალებზეა საუბარი, რომელიც ვერ წარმოადგინეს, ეს არის დროის გაწელვა,- ამის შესახებ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
სასამართლოში დღეს, შსს-ს წინააღმდეგ სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა უნდა ყოფილიყო, თუმცა, სხდომა გადაიდო. აღნიშნულს სარალიძე დროის ხელოვნურად გაჭიანურებას უწოდებს.
„შსს-მ წარმოადგინა რაღაც შუამდგომლობა, სადაც განმარტა, რომ რაღაც საიდუმლო მასალებზეა საუბარი, რომლის წარმოდგენაც დღემდე ვერ მოახერხა. არ ვიცი რა მასალებზეა საუბარი, აქამდე ძალიან დიდი დრო ჰქონდა შსს-ს, მაგრამ არ წარმოადგინა. ეს არის სპეციალურად გაკეთებული, რომ გაიწელოს კარვების გაშლის საკითხი. 15 ნოემბერს გვექნება ინფორმაცია, როდის ჩაინიშნება განხილვა. არავინ არ ვიცით რა ხდება, როგორ ხდება. შსს-ს დავალებით ხდება ეს ყველაფერი",- განაცხადა სარალიძემ.
ცნობისთვის, საუბარია, შსს–სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელზე. აღნიშნული სარჩელით სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.