რა ფორმით, ან რა შინაარსით გადასცა თანხა მიხეილ კალანდიას მერაბ მორჩაძემ თანხა, ეს გარკვეულწილად შესაფასებელია. თუმცა, აღნიშნულის დადასტურება კალანდიას მხრიდან იყო, - აღნიშნულის შესახებ მერაბ მორჩაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ კალანდიამ დღეს დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებზე საინტერესო პასუხები გასცა.
"დაკითხული პირის მიერ გარკვეული ინფორმაცია იქნა სასამართლოსთვის მიწოდებული. დასაკითხი პირის მხრიდან კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით საინტერესო პასუხი მივიღეთ. დასაკითხი პირის მხრიდან მიღებული ინფორმაცია შესაფასებელია სამართლებრივად და აუცილებლად სამართლებრივი შეფასება გაკეთდება დაცვის მხარიდან.
მოწმემ დეტალებზე ისაუბრა, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ინფორმაცია, რომელიც მან სასამართლოს მიაწოდა, ერთის მხრივ სამართლებრივად შესაფასებელია, მეორეს მხრივ, სანდოობის საკითხია შესაფასებელი. ამიტომ დეტალებზე საუბარი გამიჭირდება.
მოსამართლისთვის ობიექტური, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია, როგორც მტკიცებულებების შეფასება, ასევე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენების სანდოობის შეფასება. ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ფაქტია, რომ დღეს დაიწყო საქმის არსებითი განხილვა, იკითხებიან ბრალდების მოწმეები.
ხაზგასმით აღვნიშნავ, ბრალდების მოწმემ, რომელიც დაიკითხა დღევანდელ პროცესზე, ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება. ინფორმაცია, რომელიც იქნა მიღებული სასამართლოში, დაცვის მხარისთვის შინაარსობრივად საინტერესო იყო", - განაცხადა მოსიაშვილმა.
მიხეილ კალანდიამ დაკითხვის შემდეგ სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.
კალანდიას დაკითხვა სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.