19 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობაში, (ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი) პროექტის ,,ახალგაზრდული დებატები ეკონომიკურ რეფორმებზე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. აღნიშნული პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) ფარგლებში დაფინანსდა და „ინსტიტუციური განვითარებისა და შესაძლებლობების ცენტრმა“ (ICDC) განახორციელა.
პროექტი 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი ახალგაზრდებში დებატების უნარების განვითარება და ეკონომიკური რეფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. 600 მონაწილე სტუდენტიდან საბოლოოდ 50 გამოვლინდა, რომელთაც შესაბამისი გადამზადება გაიარეს ეკონომიკური რეფორმების შესახებ შემდეგ დარგებში: მიწის რეგისტრაცია, მშენებლობა, ენერგეტიკა, სურსათის უვნებლობა და საგზაო უსაფრთხოება. დასკვნით ღონისძიებაზე, სუპერ-ფინალში 6 გამარჯვებული მონაწილე იდებატებს, რომელთა შორისაც საუკეთესო გუნდი და მონაწილე გამოვლინდება. სუპერ-ფინალის ფარგლებში გაიმართება დებატები თემაზე: „უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება“. ფინალისტები დაყოფილნი იქნებიან მთავრობის, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორების სიმულაციურ გუნდებად, სადაც დაიცავენ მხარეების პოზიციებს სადებატო თემასთან დაკავშირებით.
შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრება და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი, ბატონი პიტერ ვიბლერი. გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს სპეციალური საპატიო ჟიური რომლის შემადგენლობაშიც არიან: მაია ცქიტიშვილი- ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი; თეა სიჭინავა - ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი; მერაბ ჭითანავა - “აგრიჯორჯიას“ გენერალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, კავკასიის ჰაბის კოორდინატორი; გიორგი ჩიქოვანი- ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში.
G4G - „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.
უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-ის პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში.