მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბახტაძის განცხადებით, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანა ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე დადგა, მარიხუანას მოხმარება პირად სივრცეში აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.
„როგორც კი გამოქვეყნდა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მე დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარებისთვის და შესაბამისად, ახალი რეგულაციების კანონპროექტი იქნა მომზადებული, რომელიც იქნება დღეს განხილული მთავრობის სხდომაზე და შემდეგ გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.
იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოების ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია, ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცავებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი საშუალება ჰქონდეს, რათა საზოგადოებას, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდები იქნანდაცული შესაძლო ზიანისგან ან მავნე ზეგავლენისგან.
კანონპროექტის მიხედვით, მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“, – განაცხადა ბახტაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ აღნიშნული რეგულაცია შეეხებათ საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.
„მოზარდების მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან დასაცავად, დაისჯებიან აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან, მოახდინონ ამ იდეის პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის“, – დასძინა პრემიერმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად, კანაფის კულტივაცია მკაცრად რეგლამენტირებული იქნება.