ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატი, გოჩა კვარაცხელია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიებისთვის არც ერთი დეტალი არ დაუმალავს.შესაბამისად, მისთვის გაუგებარია რაში ედება დ.ღ.-ს ბრალი. "ბრალდებულმა გამოძიების ყველა კითხვას სწორი და ობიექტური პასუხები გასცა. მას არ დაუმალავს საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არც ერთი დეტალი, აქედან გამომდინარე სრულიად გაუგებარია რაში ედება ამ ადამიანს ბრალი. ადამიანს გაცხადებული აქვს ყველა პოზიცია, მოახსენა სათანადო ორგანოებს და ეს ყველაფერი გამოყენებული იქნა მის წინააღმდეგ. ადამიანი როცა იძლევა ცრუ ჩვენებას, მან საქმის ვითარებები და გარემოებები უნდა შეცვალოს, მოცემულ შემთხვევაში კი არცერთს რამეს ადგილი არ ჰქონია", - აცხადებს კვარაცხელია. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. "ჩვენ წინასასამართლო სხდომაზე მოვითხოვეთ ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა, რომელიც კანონდარღვევით იყო მოპოვებული. ის მტკიცებულება რაც წარედგინა სასამართლოს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განაჩენს, თუნდაც ის გამამართლებელი იყოს. შესავალ სიტყვაში, დეტალურად ავღწერთ იმ დარღვევებს რაც საქმეში არსებობს და მოვითხოვთ დადგეს გამამართლებელი განაჩენი", - აცხადებს ადვოკატი.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დ.ღ. 19 ივლისს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. არსებული ინფორმაციით, დ.ღ. მე-11 კლასის მოსწავლეა და ეს სწორედ ის პირია, რომელმაც სკოლის საპირფარეშოში კონფლიქტი დაიწყო.