ამ წუთებში პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განუცხადა, დღეს კომისია განიხილავს დასკვნის ძალიან მნიშვნელოვან თავს, რომელშიც არის წარმოჩენილი მათი დასაბუთებული ვერსია, თუ როგორ გამრუდდა გამოძიება მირზა სუბელიანის გამოძიებაში გამოჩენის შემდეგ.
"დღეს კომისია დასკვნის ძალიან მნიშვნელოვან თავს განიხილავს, რომელშიც ჩვენი დასაბუთებული ვერსიაა წარმოჩენილი, თუ როგორ გამრუდდა გამოძიება მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ, რა გააკეთა და რა არ გააკეთა გამოძიებამ იმისთვის, რომ რეალური სიმართლე დადგენილი არ ყოფილიყო. გარდა ამისა, ჩვენ დღეს იმ უამრავ დარღვევას მიმოვიხილავთ, რომელიც გამოძიების ფარგლებში იყო და რომელიც გამოძიების ტენდენციურობაზე პირდაპირ მიუთითებს. ეს ფაქტები კომისიამ საქმის მასალების შესწავლის, ასევე ჩატარებული ახსნა-განმარტებების და მოკვლევის შედეგად გამოიკვლია“,- განცხადა კაპანაძემ.
როგორც ის განმარტავს, უმრავლესობის წევრებს სიმართლის დადგენა არ სურდათ.
„კომისიის მუშაობის არც ერთ ეტაპზე უმრავლესობის წევრებს სიმართლის დადგენა არ უნდოდათ. ისინი დაინტერესებულნი არიან იმ ადამიანების გამართლებით, რომლებმაც გამოძიება გაამრუდეს. როგორც ჩანს, კომისიის მუშაობის დასკვნით ეტაპზე ბოლომდე მათ გამართლებაზე და თავიანთი არგუმენტის დასაბუთებაზე გადავიდნენ. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ კომისიას მანდატი არ აქვს, ახალი გარემოებები გამოავლინოს და რეკომენდაციები გასცეს, უბრალოდ აბსურდია. ვინც ამ განცხადებას აკეთებს, სამწუხაროდ ამ გამრუდებული გამოძიების თანამონაწილეა“,-განაცხადა კაპანაძემ.