ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ცუდად გახდა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სულ სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაშივე დაიღუპა.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან გადაყვანილ ერთ ახალგაზრდას უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.
მისი თქმით, ანაკლიის ფესტივალიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ორი ახალგაზრდა შეიყვანა. როგორც ორჟონიამ აღნიშნა, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო გოგონა სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს.
რაც შეეხება მესამე ახალგაზრდას, ის კლინიკაში 112-ის ჯგუფმა შეიყვანა და სამედიცინო დაწესებულება მანაც მალევე დატოვა.