ხელშესახები პროგრესი გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირების კუთხით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური გარდატეხა იქნა მიღწეული პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
მისივე თქმით, ასევე წარმატებით დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი.
„წარმატებით დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმის რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესი და იმ კონსტიტუციის ნაცვლად, რომელიც ფორმალურად ამართლებდა ერთი ადამიანის მარადიულ მმართველობას, მივიღეთ ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი. ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი და წინაპირობაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს.