დიახ, მომიწია იმ თანამიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როცა შენს ხალხზე, ქვეყანაზეა ლაპარაკი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
„ვიდრე უშუალოდ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების მიზეზებზე გადავიდოდე, რამდენიმე სიტყვით ჩვენი ერთად განვლილი გზა მინდა მიმოვიხილო. დღეს არ ვაპირებ ხელისუფლების საქმიანობასა და მოღვაწეობაზე ვრცელი და დეტალური ანგარიში წარმოვადგინო, მით უმეტეს, რომ ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, მაგრამ თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და სიამაყითაც კი, ხაზი გავუსვა იმ ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ გამარჯვებებს, რასაც ხელისუფლებამ ისტორიულად ძალზე მოკლე დროში, არასრულ ექვს წელიწადში მიაღწია.
პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც ქვეყანამ განიცადა ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს.