ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის დიდი ტრაგედია და უზარმაზარი პრობლემა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს აქვს.
„ნარკოტიკი კლავს და დღეს, იმ სიტუაციაში, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი ნივთიერება შემოსულია ბაზარზე, კლავს არა წლების მერე, არამედ დაუყოვნებლივ, საათების განმავლობაში. ეს არის დიდი ტრაგედია და უზარმაზარი პრობლემა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს აქვს. ჩრდილოეთ ამერიკაში ათი ათასობით სიკვდილი არის დაკავშირებული ამ ახალ საშუალებებთან, რომლებიც იმდენად ძლიერია, რომ ერთი ქვიშის მარცვლის ოდენობის პრეპარატმა შეიძლება, ადამიანი მოკლას. ჩვენი ინფორმაციით, ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელების, კლუბური თუ არაკლუბური მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ და ამის შედეგად ბევრი ადმიანი, ვინც ინფორმაციას არ ფლობს, იღუპება და მომავალში კიდევ შეიძლება დაიღუპოს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, არ გამოიყენოს ნარკოტიკული საშუალებები“, - განაცხადა ზოიძემ.