„იმ მტკიცებულებებით, რაც სასამართლოში არსებითი განხილვის დროს არსებობდა, შანსი არ იყო მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა. ამათ გაბედეს და გამოიტანეს. ვერ გაუძლეს იმ ზეწოლას, რაც ხორციელდებოდა“, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ გუდაურში სრიალისას დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანის ადვოკატი, თენგიზ ხარებავა.
მისი განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ზეწოლას ვერ გაუძლო. ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო.
„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ნამდვილად არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გიორგი ლიპარტელიანი სასამართლოს დამნაშავედ ეცნო. აღწერილობით, სამოტივაციო ნაწილს, 10 დღის ვადაში გადმოგვცემენ. ძალიან გვაინტერესებს, მოსამართლე რას იზამს და რა აღწერილობით სამოტივაციო ნაწილს გააჟღერებს თავის განაჩენში. იმ მტკიცებულებებით, რაც სასამართლოში არსებითი განხილვის დროს არსებობდა, შანსი არ იყო მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა. ამათ გაბედეს და გამოიტანეს. ვერ გაუძლეს იმ ზეწოლას, რაც ხორციელდებოდა. პრეზიდენტის აპარატიდან ნაცვლიშვილი მობრძანდა, ცნობადი სახეები მოიყვანეს, ტაშის დამკვრელები ცალკე მოიყვანეს, გარეთ აქციები გამართეს და ა.შ. საინფორმაციო და „ფსიქბუქ ომები“ ატეხეს და მოსამართლეებიც ამ ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ“, - აცხადებს ხარებავა.
მისი განმარტებით, ლიპარტელიანი უდანაშაულოა და დაცვის მხარე დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასმართლოში გაასაჩივრებს.
„აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა და აუცილებლად, შესაბამისი წესით, უზენაეს სასამართოლში გავასაჩივრებთ. ლიპარტელიანი უდანაშულოა", - დასძენს ადვოკატი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, ტატიშვილის დაღუპვაში ბრალდებული საქართველოში ჩამოვა თუ არა, როგორც ხარებავა აცხადებს, ეს მისთვის უცნობია. გიორგი ლიპარტელიანი ჩეხეთში სწავლობს.
„ის ბავშვი სწავლობს, როდის რა, როგორ იქნება, ამაზე პასუხი როგორ შემიძლია გაგცეთ? ლიპარტელიანის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლის საკითხებზე მე როგორ გიპასუხებთ?“, - აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, გუდაურში, სრიალისას დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო.
ლიპარტელიანს სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს, 3 წლით პატიმრობა მიესაჯა.
სალომე ტატიშვილს 2016 წლის 10 იანვარს გუდაურში, სრიალისას, თხილამურებზე მდგომი 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა. მოზარდი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა, თავად ლიპარტელიანმა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ტატიშვილის გაურთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული, ლიპარტელიანი 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო.
სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბრალდების მხარემ მეორე ინსტანციის სასამართლოში.