„სიცრუეა, ის გარემოება, რომ თითქოს, ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება ჭრილობების მიყენების საგანი. მკაფიოდ ვადასტურებ, იდენტიფიცირებულია, მომაკვდინებელი ჭრილობა თუ რომელი დანითაა მიყენებული“, - აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე.
თუმცა, ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი დანით, ვის მიერაა ჭრილობები მიყენებული.
„რაც შეეხება იმას, რომელი დანით და რომელი ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებით არის მიყენებული ჭრილობები, ამის კონკრეტიზებას ვერ მოვახდენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს საქმის მასალების გახმაურებას გამოიწვევს.
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, დგინდება რიგი დეტალები, რომელიც ასევე თანხვედრაშია გამოძიების სტადიაზე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ინფორმაციასთან. საქმეზე დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, გარდაცვლილების მეგობრები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც პირდაპირ ასაბუთებს, რომ დანაშაული ჩადენილია სწორედ იმ ბრალდებულების მიერ, რომლებიც დღეს ბრალდებულის სკამზე არიან.
აღნიშნული გარემოებები დასტურდება ასევე, სასამართლოში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნითაც. აღნიშნულ დასკვნაში საუბარია, თუ რა ჭრილობები იქნა მიყენებული, ასევე რომელი დანით არის ეს ჭრილობები მიყენებული. კერძოდ, საუბარია, იმ ორ დანაზე, რომელიც საქმის გამოძიების სტადიაზეა ამოღებული“, - აცხადებს ფხაკაძე.
როგორც პროკურორი განმარტავს, დღეს წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა საქმეში ერთადერთი მკიცებულება არ არის.
„ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის ერთი მტკიცებულება, ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ბრალდებულების მხრიდანაა ჩადენილი.
დასკვნასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ სხდომაზე ექსპერტებს წარმოვადგენთ, გამოვიკვლევთ ნივთიერ მტკიცებულებებს, მათ შორის, ხსენებულ დანებს, ტანსაცმელებს და სასამართლოს წინაშე სრული ინფრომაცია დაიდება, რაც ჩვენს მოლოდინს გაამყარებს. ეს მოლოდინი არის მხოლოდ ის, რომ ბრალდებულთა მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება დადასტურდება.
რაც შეეხება, ხსენებულ დასკვნას, კანონით დადგენილი წესით, როგორც კი მივიღეთ, დაუყოვნებლივ წარმოვადგინეთ სასამართლოს სხდომაზე, ასევე დაცვის მხარეს გადაეცა, მას დაუყოვნებლივ გავაცნობთ დაზარალებულებს. აქვე მინდა დავადასტურო, რომ არცერთი მტკიცებულება საქმეში, მათ შორის, სასამართლოში გამოკვლეული, არ ადასტურებს, რომ გარდა ბრალდებულებისა, ხსენებული დანების გამოყენებით, გარადაცვლილებზე მიყენებული ჭრილობები განხორციელებული იყო სხვა პირების მეშვეობით“, - აცხადებს ფხაკაძე.