„ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება კონკრეტულად რომელი დანით, რომელი ჭრილობა არის მიყენებული, ასევე არ დგინდება, ჭრილობების მიყენების პროცესში გამოყენებულია თუ არა, სხვა დანებიც, მთლიანად რამდენი დანითაა ჭრილობები მიყენებული, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმთავრეს შეკითხვებზე, რომელიც საზოგადოებას, დაზარალებულს აწუხებს და სასამართლოს აინტერესებს, კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნა პასუხს ვერ სცემს“, - აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე.
მისი განმარტებით, მთავარ კთხვებზე, პასუხს დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზა გასცემს. ისინი კითხვებზე პასუხის მისაღებად ცნობილი ბრიტანული საექსპერტო ბიუროს ექსპერტებს ჩამოიყვანენ.
„კითხვებს, რომელსაც ბრალდების მხარის ექსპერტიზა ვერ პასუხობს, დაცვის მხარის დანიშნული ექსპერტიზა და ექსპერტები უპასუხებენ, რომლებიც უცხოეთიდან მოვიწვიეთ. ბრიტანეთიდან ჩამოსული ექსპერტები კატეგორიულად და კონკრეტულად უპასუხებენ კითხვებს, რამდენი დანა იქნა გამოყენებული, რომელი დანით, რომელი ჭრილობაა მიყენებული და საქმეში არსებული დანების გარდა, კიდევ რამდენი დანა არსებობდა. მიმაჩნია, რომ ჩვენს მიერ დანიშნული ექსპერტიზებით გაეცემა პასუხები უმნიშვნელოვანეს კითხვებს და ის დიდწილად განაჩენს დაეფუძნება“, - აცხადებს კაკაბაძე.
მისი განმარტებით, ალტერნატიული ეპსპერტიზის შედეგები სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებას 4 თვეზე მეტი დასჭირდა ექსპერტიზების წარმოსადგენად, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, მალე ვამცნოთ საზოგადოებას და სასამართლოს ჭეშმარიტება. შესაბამისად, ჩვენი ექსპერტები არათუ, 4 თვეში, არამედ სულ რამდენიმე დღეში დადებენ დასკვნას, სადაც პასუხს გასცემენ კონკრეტულ შეკითხვებს“, - განმარტავს კაკაბაძე.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ დასტურდება.
„რაც შეეხება მუხლის გადაკავლიფიცირებას, ის ბრალდება, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს წაყენებული, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. არათუ არ დასტურდება, გამოირიცხება ის ბრალდება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს წაყენებული. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კიდევ არაერთი პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის დაჭრის პროცესში და ის პირები პასუხისგებაში მიცემული არ არიან. დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო სწორად, სრულყოფილად შეაფასებს საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ბრალდების მხარის პოზიციას არ გაიზიარებს, რომელიც ჭეშმარიტებისგან ძალიან განსხვავდება“, - დასძენს კაკაბაძე.