მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოსწავლეების დაცვას ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე.
"იზრდება კოორდინაცია სამინისტროებს შორის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თუკი არსებობს მოსწავლეებს შორის კონფლიქტის სკოლის გარეთ გაგრძელების საშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აიცილოს. იზრდება მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ. იცვლება მანდატურების დანიშვნის წესი – მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ყველა უფლებამოსილება, რასაც მანდატურის სამსახური განახორციელებს, იქნება ეს უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერება, მოსწავლის შეყოვნება, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ყველა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სკოლის წარმომადგენელი და ასევე მოსწავლის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.