პროკურორებთან ვიყავი ასული და აქეთ დამადანაშაულეს თითქოს, ვიღაცის ინტერესებს ვიცავ და ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობ იმას, რომ კიდევ ორი მკვლელი გარეთ დადის, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
ის დღეს საქმის პროკურორებს შეხვდა. როგორც სარალიძე აღნიშნავს, მას პროკურორებმა განუცხადეს, რომ ვიღაცის ინტერესებს ატარებს.
"თუ ვის ინტერესებს ვიცავ, ამას კონკრეტულად არ მეუბნებიან. მხედველობაში აქვთ, ან ზვიად კუპრავა, ან დაცვის მხარე. მე შვილი მომიკლეს და კიდევ მე მადანაშაულებენ იმაში, რომ ვიღაცის ნათქვამზე დავდივარ. ბატონ ზვიად ფხაკაძესთან ვიყავი კაბინეტში, სადაც ქალბატონი ინა გუგუშვილიც იყო, პლუს ორი პროკურორი, რომლებიც მართლა არ ვიცი ვინ არიან. ბატონმა ზვიად ფხაკაძემ და ქალბატონმა ინა გუგუშვილმა მითხრეს, თქვენ ძალიან საეჭვოდ ლაპარაკობთო. რაში გამოიხატება ჩემი საეჭვო ლაპარაკი-მეთქი? რასაც დაცვის მხარე ლაპარაკობს, თქვენც იგივეს ლაპარაკობთო. პროცესიდან ყველაზე ადრე გამოვდივარ, ინტერვიუს პირველი ვაძლევ, როგორ შეიძლება მათი მოწოდებული აზრი ვთქვა-მეთქი? წინასწარ ხართ მოლაპარაკებულიო,ასეთი პასუხი გამცეს. ანუ, აქეთ გადმოდიან იერიშზე რომ ბევრი არ ვიყვირო? ვერ მივართმევ ვერცერთს!", - აცხადებს სარალიძე.
ის დღევანდელ სხდომას არ ესწრება.
ამ წუთებში, სასამართლოში სამედიცინო ექსპერტებს კითხავენ.