აუცილებელია, შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები და პარალელურად, სასწრაფოდ გატარდეს მოსამართლეთა გადანიშვნების რეფორმა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.
ანა დოლიძე საკანონმდებლო რეფორმის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.
„იუსტიციის საბჭოს წინაშე არის წარდგენილი რამდენიმე ათეული კანდიდატის ინფორმაცია, რომლებსაც უკვე აქვთ სამოსამართლეო გამოცდილება და მათი უვადოდ გადანიშვნის მოთხოვნის ვადაც დგება. როგორც იანვრისა და თებერვლის მოვლენებმა გვიჩვენა, უვადოდ გადანიშვნის პროცესი არის სუბიექტური, დახურული, იწვევს უამრავ პრობლემას და დარტყმას სასამართლო სისტემაზე. შეუძლებელია, ეს გადანიშვნები, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს, განხორციელდეს ისე, როგორც წარსულში ხდებოდა. ამისთვის, ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საკანონმდებლო რეფორმა“, – განაცხადა დოლიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი დროზე აიღებს პასუხისმგებლობას.