საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, დღეს აღარ გაიმართება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეზოლუციის მიღება შემდეგ კვირაში უნდა მოხდეს.
"შემდეგ სასესიო კვირაში უნდა მოხდეს რეზოლუციის მიღება. აქედან გამომდინარე, საჩქაროც არაფერია და კვირის ბოლომდე გავაგრძელებთ კონსულტაციებს. რეზოლუცია იქნება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საკმაოდ პრინციპული და სამართლებრივად გამართული. ჩვენ შემდეგ კვირაში მივიღებთ ამ რეზოლუციას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, "ვცდილობთ, თითოეული დეტალი სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობდეს".
"სხვა დეტალებთნ ერთად ამაზეც [ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია] მიდის მსჯელობა. ყველა დეტალი მათ შორის სამართლებრივი და პოლიტიკური არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელობა აქვს თითოეულ სიტყვას.
როდესაც კონსულტაციები დასრულდება, გეცოდინებათ თითოეული დეტალის შესახებ რაზეც მიმდინარეობდა მსჯელობა. კორექტული არ იქნება დეტალებზე ახლა ვისაუბროთ.
თქვენ იცით, რომ როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევე უმრავლესობას ჰქონდა რეზოლუციის თავისი ვარიანტი. ახლა ამ ვარიანტების შეჯერებაზე მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის სიაზეც. ჩვენ შევთავაზეთ გამართული ვერსია, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისითაც ყველა დეტალი. მნიშვნელოვანია, აღსრულების მექანიზმი და ტექნიკური მხარე. ვცდილობთ, თითოეული დეტალი სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობდეს, ყველაფერს ერქვას თავისი სახელი. ვფიქრობთ, კვირის ბოლომდე კონსულტაციების შედეგად შევჯერდებით და რეზოლუცია პარლამენტის მიერ შემდეგ სასესიო კვირას მიიღება", - აღნიშნა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრირსას.