საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.
"საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ვიზიტის მთავარი მიზანია, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი ყურადღების და მხარდაჭერის მოპოვება საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი დემოკრატიული განვითარებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატები არის ის ქვეყანა, რომელიც გლობალური მოთამაშე და თავისუფლებისათვის მებრძოლი პატარა ერების წარმატების გარანტორია. ჩვენ გვექნება მაღალი რანგის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და კონგრესში. ეს არის ის სივრცე, სადაც საქართველო ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ორივე პოლიტიკური პარტიის მხრიდან; ამავდროულად, ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია მუდმივი ინტერესები საქართველოში, აქვს მუდმივი ინტერესები რეგიონში, რომელთა უზრუნველყოფა ხდება ზუსტად ამ პოლიტიკურ სივრცეში. კიდევ ერთხელ, დღისწესრიგში დაყენებული იქნება საქართველოს ოკუპაციის საკითხი და ჩვენ ველით ძალიან საინტერესო შეხვედრებს",- განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან, გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაში, ასევე გიორგი მარგველაშვილი ჯორჯთაუნის უნივერისტეტსაც ესტუმრება, სადაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს და საჯარო ლექციას წაიკითხავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო სადილი ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობასთან; ასევე, მონაწილეობა ჰადსონის ინსტიტუტში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოსვლა ფონდში Heritage. ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებსაც შეხვდება.