საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება. კანონპროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელება, რათა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა სამართალწარმოების პროცესში სრულყოფილად უზრუნველყოს მოწმის, დაზარალებულის მხარდაჭერა.
კერძოდ, მოწმეს/ დაზარალებულს მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ; მოიპოვოს მოწმის/დაზარალებულის ნდობა მის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, გაუმარტივოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა და მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობისა და მისი უფლებების შესახებ; დაეხმაროს მოწმესა და დაზარალებულს დანაშაულის შედეგად გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში და უზრუნველყოს მათი ხელახალი ვიქტიმიზაციის პრევენცია.
კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესი, შიში, დაბნეულობა ართულებს სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას დაზარალებულთან და მოწმესთან კომუნიკაციას. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულის ფაქტზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და სისხლის სამართლის პროცესის ფორმალური მხარის დაცვა ხშირად დაზარალებულისთვის/მოწმისთვის დამატებითი დისკომფორტია და გაუაზრებლად იწვევს დანაშაულის მსხვერპლთა მეორეულ ვიქტიმიზაციას. ამ და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით შესწავლილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა წამყვანი ქვეყნების მაგალითები, სადაც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.
კანონპროექტის თანახმად, კოდექსის მე-3 მუხლს ემატება 221 ნაწილი, რომელიც განმარტავს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ცნებას. ამასთან, კოდექსს ემატება ახალი თავი - VII1, რომელიც შედგება ორი მუხლისგან (581 და 582 მუხლები). აღნიშნულ მუხლებში გაწერილია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზნები, პროცედურა და უფლება-მოვალეობები. იმის გათვალისწინებით, რომ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ხდება პროცესის მონაწილე, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის ცვლილებებს კოდექსის VIII თავში. კერძოდ, კოდექსს ემატება 611 მუხლი, რომელშიც ჩამოთვლილია სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, ხოლო ცვლილებები შედის 62-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებში, ასევე 63-ე მუხლის მე-4 ნაწილში (პროცესის მონაწილეთა ჩამონათვალს ემატება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი). ამასთანავე, ვინაიდან მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც და ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებშიც პრიორიტეტულად მოხდება კოორდინატორთა ჩართვა (არასრულწლოვანთა საქმეები, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ოჯახური დანაშაულები), ხშირად დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება, კოდექსის 182-ე მუხლს ემატება 4 2 ნაწილი, რომელიც იძლევა დახურულ სასამართლო სხდომაზე მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესზე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის დასწრების შესაძლებლობას.