აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფოლადსა და ალუმინზე მაღალი გადასახადები დააწესა, თუმცა ეს ყველა ქვეყანას არ შეეხება.
1 მარტს პრეზიდენტმა განაცხადა თავისი განზრახვა იმპორტზე ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით და ამის საჭიროებას ხსნიდა იმით, რომ აშშ განიცდის „უსამართლო ვაჭრობას“, ხოლო გადასახადების დაწესება ინდუსტრიის განვითარებას მისცემდა ბიძგს.
ევროკავშირი ძალიან მკაცრად საუბრობს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და შეპირდა ტრამპს, რომ პასუხებიც იქნება ასეთივე მკაცრი.
მოსალოდნელია რომ განსაკუთრებულად მკვეთრი რეაქცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ექნება ჩინეთს. ექსპერტები შიშობენ რომ შესაძლოა წამოიწყოს ახალი სავაჭრო ომი.
კანონი ძალაში 15 დღეში შევა. ტრამპის იმპორტზე დაწესებული გადასახადებს აკრიტიკებენ თავად მისივე პარტიის წევრებიც.
სენატორი ჯეფ ფლეიკი აცხადებს, რომ მოამზადებს კანონპროექტს გადასახადების ანულირებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა.
პალატის სპიკერი, პოლ რაიანი ამბობს, რომ არ ეთანხმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და შიშობს გაუთვალისწინებელი შედეგების გამო.
კანონპროექტზე ხელის მოსაწერად ტრამპმა მოიწვია ქარხნის მუშაკები. ხელმოწერის კომენტირებისას პრეზიდენტმა მათ „ამერიკის ხერხემალი“ უწოდა და აღნიშნა მათი დიდი წვლილი საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებაში. ასევე მან შეახსენა თავის მოქალაქეებს, რომ კანონზე ხელის მოწერით ის ასრულებს წინაასაარჩევნო კამპანიის დაპირებას. გარდა ამისა, აღნიშნავს, რომ ეს კანონი შედის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში. წერს „ბი-ბი-სი“.