„ლეილა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის უფროსმა, ირინა ტაბიძემ.
ექიმის განმარტებით, მსახიობს იშეიმიური ინსულტი აქვს.
„ჩვენთან უკვე მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს, მას მოციმციმე არითმია აქვს, რის გამოც იშემიური ინსულტი დაემართა. თვალს ახელს, ცდილობს ელემენტარული ინსტრუქციის შესრულებას, თუმცა, მარცხენა მხარე დაზიანებული აქვს, მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს. აღქმა დარღვეული აქვს, ყველაფერი ესმის, თუმცა, ვერ აღიქვამს რას ეუბნებიან. ეს სამწუხაროდ მისი ნევროლოგიაა და რეალობა ასეთია“, - აცხადებს ირინა ტაბიძე.
ცნობისთვის, ლეილა მიხეილის ასული აბაშიძე 1929 წლის 1-ელ აგვისტოს დაიბადა. ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი 1940 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“ რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1958 წლიდან.