რა უნდა ამ კაცს [ბიძინა ივანიშვილს], ეშინია ჩემი, თორემ რამის თავი რომ ჰქონდეს, ხომ მოილაპარაკებდა საქართველოში გადმოცემაზე, არაფრის თავი არ აქვთ, არიან მხდალები, არიან მატყუარები, არიან ფლიდები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც ივანიშვილს ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა უწოდა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი მის გატაცებას იხსენებს და აცხადებს, რომ ის კერძო თვითმფრინავით გადააფრინეს პოლონეთში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იარაღის დამიზნებით, ხელების გადაგრეხვით გაიტაცეს.
სააკაშვილის განცხადებით, ბორისპოლის აეროპორტიდან ის წაიყვანეს პოლონეთში. მისი თქმით, პოლონეთის ოფიციალურ ხელმძღვანელობასთან უკვე კომუნიკაცია ჰქონდა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის ბრძოლას პოლონეთიდან გააგრძელებს.
„მე გავაგრძელებს ბრძოლას მათ წინააღმდეგ საქართველოში და ამ ოლიგარქების წინააღმდეგ უკრაინაშიც. ორივე დაემხობა და ამ დამხობაში, ამ მოშორებაში, მათ ჩამოშორებაში ხელისუფლებიდან მშვიდობიანში, მე ვითამაშებ, რა თქმა უნდა, გადამწვეტ როლს. თუ რამის თავი ჰქონდათ, სიამოვნებით გადამცემდნენ უკრაინელები, მაგრამ არც ერთს ჰქონდა თავი და არც მეორეს, ორივეს ისე ეშინია ჩემი, როგორც ცეცხლის", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორან „სულუგუნთან“ დააკავეს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში რეადმისია უკრაინის კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.