რუსეთს აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად განათავსებს სამხედრო რესურსებს საკუთარ ტერიტორიაზე,- ამის შესახებ კრემლის პრესმდივნმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. ის გამოეხმაურა ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებას, რომლის თანახმადაც, კალინინგრადთან რუსეთის მიერ „ისკანდერის“ განთავსება ნახევარი ევროპისთვის წარმოადგენს საფრთხეს.
5 თებერვალს ლიტვის თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა განაცხადა, რომ რუსეთმა კალინინგრადის ოლქში განათავსა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ შამანოვის თქმით, „ისკანდერების“ სამიზნე იქნება რუსეთის საზღვრებთან განთავსებული უცხოური სამხედრო ინფრასტრუქტურა.