„მიმდინარე თვეში გავაგზავნით განაცხადს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სუს-ის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას შესახებ“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, თამთა მიქელაძემ განაცხადა.
მიქელაძის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები და გავრცელებული ვიდეომასალა საქმის კონტექსტში არ იყო გააზრებული.
„სუს-მა პირველივე განცხადებები გააკეთა მტკიცებითი ფორმით, რომელშიც თემირლანი და სხვა დაკავებული პირები ტერორიზმის მხარდამჭერებად იყო მოხსენიებული. ასევე სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც დაუფარავად უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილზე და ამის გამოქვეყნება მოხდა იმ პირობებში, როცა ის საქმის კონტექსტში არ იყო გაანალიზებული, სუს-მა გაუშვა, მხოლოდ ეს ვიდეომასალა, რომელმაც საზოგადოებაში შექმნა წარმოდგენები, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი იყო დამნაშავე“, - განაცხადა იურისტმა.
ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და მთავარ პროკურორს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ოჯახის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.