სასამართლოში საქმის განხილვისთვის კანონით დადგენილი დრო და სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, განუხილველი და გაჭიანურებული საქმეები ერთ-ერთი აქტუალური თემაა საზოგადოებისთვის. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურებისას, ადვოკატი ბესო სილიკაშვილი განმარტავს.
მისი თქმით, საპროცესო ვადები სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ნებისმიერი ქმედებისათვის და მათ შორის სასამართლოში საქმის განხილვისათვის დადგენილია ვადები. ამ ვადის გასვლიდან რიგ შემთხვევებში შეიძლება საქმე დარჩეს განუხილველი, რიგ შემთხვევებში კი შეიძლება მისი გაგრძელება.
,,შევეხები სასამართლოში საქმის განხილვის ვადებს და მათი გაჭიანურების მიზეზებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სარჩელის მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვისა, გარდა ალიმენტის, ე.წ. „ატსტუპნიკის“ და რამოდენიმე სხვა სახის დავისა, რომელიც 1 თვეში უნდა დაასრულოს (ამ თემაში მოყვანილ ყველა საკითხთან დაკავშირებულ შესაბამის ნორმებს ქვემოთ გთავაზობთ).
შემდგომში განხორციელებული ცვლილებების თანახმად კი თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს ან იურიდიული პირის წინააღმდეგ ან წარმომადგენელს, სარჩელის გაგზავნის ვალდებულება ეკისრება მოსარჩელეს და შესაბამისად ეს 2 თვე შესაბამისი საფოსტო შეტყობინების წარდგენიდან აითვლება.
ვისაც სასამართლოში საქმე აქვს ან ჰქონია იცის, რომ ამჟამად პრაქტიკაში ეს ნორმა არ მოქმედებს საქმის მთლიან განხილვას (სამი ინსტანცია) დაახლოებით 2–3 წელი სჭირდება. ეს კი პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე.
როდესაც ვიღაცამ ვალდებულება არ შეასრულა და მე მასზე დავალიანების დაკისრებას ვითხოვ, აწყობს მეორე მხარეს დავა და გასაჩივრებაც კი თუნდაც საფუძვლების გარეშე, რადგან იცის, რომ 2–3 წელი მას გაჩერებული ექნება ჩემი ფული და ვერ ამოვიღებ ან ვერ გავასახლებ და სხვა. ფაქტია, სასამართლოს დამთავრებამდე მე ჩემი ქონებით ვერ ვსარგებლობ, რაც პირდაპირ მატერიალურ, ფინანსურ ზიანს მაყენებს”, - აცხადებს ადვოკატი.
ბესო სილიკაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო ამას შეგნებულად არ აკეთებს, თუმცა ამავე დროს საუბრობს იმაზე, თუ რას აკეთებს სასამართლო ,,შეგნებულად არასწორად“..
,,კერძოდ, 1) თითო მოსამართლეს დაახლოებით ალბათ 600–დან 800 საქმემდე აწერია. ლოგიკურად ვიმსჯელოთ. როგორ შეძლებს მოსამართლე 600 და 800 საქმის განხილვას 2 თვეში. გამორიცხული და წარმოუდგენელია. მათ მომზადებასაც კი ვერ მოასწრებს ამ ვადაში განსახილველად. ამასთანავე, ყოველდღიურადაც ვერ ატარებენ პროცესებს, რადგან საკმარისი დარბაზები არ არის. გვაქვს 2 პრობლემა ერთდროულად – დარბაზების და მოსამართლეთა რაოდენობა.
ახლა ვილაპარაკოთ რაში სცოდავენ - პრობლემა 2) მიუხედავად ამ მოცემულობისა თბილისის საქალაქო სასამართლოში თუ ჩამოივლით დარბაზებს ხშირად წააწყდებით ფაქტს, რომ დარბაზი ცარიელია. ასეთი გარემოებების არსებობისას როგორ შეიძლება სასამართლომ თითოეული წუთი არაგონივრულად, არაპრაქტიკულად გახარჯოს. პირიქით, უნდა მოუფრთხილდნენ და დარბაზებში ყოველთვის უნდა მიმდინარეობდეს პროცესები. დააკვირდით და ნახავთ, ხან ნახევარი და ხან საათი შეიძლება ისე გავიდეს პროცესი არ ჩატარდეს და დარბაზი ცარიელი იყოს. რატომ? გარდა იმისა, რომ ასეთი ქცევით საქმეები ჭიანურდება, ეს ფაქტი მეტყველებს ასეთი მოსამართლეების უპასუხისმგებლო ქცევაზე და სასამართლოს თავმჯდომარის არაადექვატურ და არასრულყოფილ მართვაზე, რადგან ვერ აკონტროლებს და მართავს ამ პროცესებს. ის, რომ პროცესი გადაიდო ვერ იქნება გასაზიარებელი. რამდენჯერ და რამდენიმე დარბაზში ერთად? ეს მოსაგვარებელია. არცერთი დარბაზი არ უნდა იყოს ცარიელი არაუმეტეს 5 წუთისა (პირობითად).
პრობლემა 3) ცალკე პრობლემაა სასამართლოში საქმის 1 სხდომაში დამთავრება. იშვიათი გამონაკლისების გარდა, 99% საქმის განხილვის გადადება ხდება? რატომ? ვინ მისცათ მათ ამის უფლება? არავინ? მაშ რატომ არღვევენ კანონს. სურთ და არღვევენ. ეს არის პასუხი და არც არავინ არ სთხოვთ მათ პასუხს ამ უკანონო და უპასუხისმგებლო ქმედებებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია გარკვეულ შემთხვევებში და არა ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით. 223–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად კი სასამართლომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ საქმე არ გაჭიანურდეს და დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – 1 სხდომაში. გინახიათ ასეთი? მე არა. მაგალითად, უდავო წარმოების საქმეებს რად უნდა რამდენიმე პროცესი? შეისწავლე საქმე, თუ რამე დამატებით გჭირდება მხარეს დაავალე წარმოდგენა წერილობით ან სატელეფონო შეტყობინებით, თუ პროცესზე დაგჭირდა რამე მოწმისგან გააკეთე სატელეფონო ჩართვით და 1 საათში, მაქსიმუმ საათნახევარში დაამთავრებ საქმეს. ანალოგიური შეიძლება ითქვას ალიმენტის და განქორწინების საქმეებზე, გასახლების საქმეებზე და სხვა. ნებისმიერი სხვა საქმე ავიღოთ. მოამზადე წინასწარ საქმე, დასავალებელი დაავალე მხარეებს (სასამართლო ხარ და ამის უფლება გაქვს), ისარგებლე სატელეფონო ჩართვით თუ სხვა კანონით მონიჭებული უფლებებით და 1 სხდომაში დაამთავრე საქმე. მოსამართლეც დაისვენებს, სასამართლოც და მხარეებიც. როგორია რამდენჯერმე იარე გზაზე, ზოგი რაიონიდან დადის თუ რაიონში ჩადის და გაიღე ამხელა ხარჯი, დაკარგე დრო. სხვა პროცესიც მაქვსო იტყვიან. არ არის ეს არგუმენტი. 1 საათის მაგივრად, რომელიც ამ საქმის განსახილველად გაქვს განსაზღვრული, 2 საათი განსაზღვრე და დაამთავრებ.
ახლა რა გამოდის? ვერც ამას ამთავრებს, სხვა საქმის განხილვის მიზეზით და ვერც იმას. ჩემს მიერ მითთებული მიდგომით კი ერთს მაინც დაამთავრებს და განსახილველი საქმეების რაოდენობაც შემცირდება. დაიცავით თქვენი უფლებები. საქმის განხილვის გადადებისას შეეწინააღმდეგეთ მოსამართლეს და მოსთხოვეთ დამთავრება. მოსთხოვეთ გადადების დასაბუთება. სხვა საქმის განხილვა დასაბუთება არ არის. ნორმები მუხლი 59. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (საქმის განხილვის ვადა) 3. სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“
საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა”, - განმარტავს ადვოკატი.
მისივე თქმით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
,,ამას ითვალისწინებს მუხლი 216. საქმის განხილვის გადადება და გაგრძელება 1. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. მუხლი 223. მხარეთა შეჯიბრების ხელმძღვანელობა (1 სხდომაში დამთავრება) 1. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს სასამართლო. იგი: ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას; სიტყვას აძლევს მხარეს; სიტყვას ჩამოართმევს მხარეს, თუ ის არ არის კავშირში საქმესთან და ემსახურება პროცესის გაჭიანურებას ან თუ მხარე გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს; სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას; აუცილებლობის შემთხვევაში, საქმის განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის დასრულებისათვის მხარეს განუსაზღვრავს დროს; იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს. 2. სასამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული”, - ამბობს ბესო სილიკაშვილი.
მისივე თქმით, სასამართლომ უნდა მიიღოს ზომები, რომ მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს, არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ სასამართლო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშეც.