"საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველო 12 წლის შემდეგ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების პრეტენზიას აცხადებს, ძალიან დიდ ყურადღებას გამოიწვევს საქართველოს მიმართ.
"მარტის დასაწყისში ჩამოდის სპეციალური დელეგაცია, რომელიც შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, მოახდენს იდენტიფიცრებას იმ მიმართულებების თუ ჩავარდნების, რომლებიც გვაქვს.
ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით, ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახეობებში ჩართვის მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს განაცხადს და დადებით ამბიციას ძალიან პოზიტიურად შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და აბსოლუტურად ყველანაირი დახმარება აღგვითქვა. ჩვენ მოვემზადებით ამ ვიზიტისთვის, რომელიც მარტში შედგება და დავიწყებთ კონკრეტული გეგმის განხორციელებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთთან ხელი მოეწერა სათავგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარების ხელშეკრულებას. მთის მიმართულებით მოხდება გიდების მომზადება. ჩვენ შეგვიძლია სამთო რეგიონები ჩავრთოთ ამ პროცესში. ეს არ იქნება მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის და ტურისტებისთვის განკუთვნილი მიმართულება, არამედ აქ შეიძლება ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩაერთოს და მიიღოს კონკრეტული შედეგები. გიდებად გადამზადება იქნება ახალი შესაძლებლობა მთაში მცხოვრებლებისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით მთიან რეგიონში და არა მხოლოდ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.