თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, დასრულდა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, შსს-ს ყოფილი მხრიდან, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქმის განხილვა. მთავარი მოწმის, იმჟამინდელი პატრულ-ინსპექტორის, გიორგი ბაშალეიშვილის დაკითხვა მხოლოდ ბრალდების მხარემ მოასწრო, ორშაბათს 15:00 საათზე, მის დაკითხვას დაცვის მხარე განაგრძობს.
დღევანდელი სასამართლო სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, მთავარი მოწმის ჩვენებას სოსო რობაქიძის გაღიზიანება მოჰყვა. რის შემდეგაც რობაქიძემ დარბაზი დატოვა.
როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზურაბ მიქაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, პროკურატურა ეცადა, რომ მისი და გურამ დონაძის გვარი მოწმეს ბრალდებასთან კავშირში გაეჟღერებინა.
"პროკურატურა ძალიან ეცადა, რომ ამ მოწმისგან, მიქაძის გვარი ჩემს ბრალდებასთან მიმართებაში გაჟღერებულიყო. მოწმემ ეს არ გააკეთა, მიქაძე და დონაძე ბრალდებულებად ვერ და არ შერაცხა, რასაც სოსო რობაქიძის რეაქცია მოჰყვა, მისთვის ყელის გამოჭრის მუქარით", - განაცხადა ზურაბ მიქაძემ.
დაცვის მხარემ დღეს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მოწმე ბაშალეიშვილის მიმართ დაცვა განხორციელებულიყო, რათა მის მიმართ გამოთქმული მუქარები სისრულეში არ მოეყვანათ. მოსამართლემ კი ბრალდების მხარეს მიმართა, აღნიშნულთან დაკავშირებით სათანადო ზომები მიეღოთ.
შეგახსენებთ, გრიგოლ ბაშალეიშვილი 2006 წელს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის გაასამართლეს. მან ორწლიანი სასჯელი მოიხადა.