ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. სააკაშვილის ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ თავის დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და რომ საქმეზე არ არსებობს არცერთი მტკიცებულება და საქმეს არც პირდაპირი მოწმეები ჰყავს:
„ვინაიდან საქმეში არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. ჩემი სიტყვაც სწორედ აღნიშნულზე იყო აგებული. მოწმე დავით ახალაიამ ყველა ირიბი მოწმის ჩვენება გააბათილა. პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი მის უფლებამოსილებას ბოროტად ვერ გამოიყენებდა შეწყალებასთან დაკავშირებით, რადგან მას ამის უფლება ჰქონდა და სწორედ ამ უფლებით ისარგებლა“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოახერხა.
თუ როდის გამოაცხადებს მოსამართლე აღნიშნულ საქმეზე განაჩენს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.